სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მიდის დავით საგანელიძე პოლიტიკიდან?

დავით საგანელიძე სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნას აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, საგანელიძე პოლიტიკიდან ბიზნესში ბრუნდება.
ამასთან, გამორიცხული არ არის, დავით საგანელიძემ პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასასრულს დატოვოს.
აღნიშნული საკითხი უკვე განხილვის საგანი იყო კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. პოლიტიკიდან წასვლა საგანელიძის პირადი გადაწყვეტილებაა და მან კოლეგებს და კოალიციის ყოფილ ლიდერს განუმარტა, რომ საქმიანობის ბიზნესსექტორში გაგრძელება სურს. კოალიციის პოლიტსაბჭოს წარმომადენლებმა და ბიძინა ივანიშვილმა საგანელიძეს მადლობა გადაუხადეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში გაწეული მუშაობისთვის, ასევე იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით გასწია.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე მმართველ უმრავლესობაში ირაკლი ტრიპოლსკის კანდიდატურა განიხილება. პოლიტსაბჭოს სხდომაზე ეს საკითხიც განიხილეს.
დავით საგანელიძემ "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის განახორციელებს ამ გადაწყვეტილებას. საგანელიძე ასევე თავს იკავებს პოლიტსაბჭოზე გამართული საუბრის დეტალების გახმაურებისგან.
"მივიჩნევ, ჩემი ძირითადი ამოცანა პოლიტიკაში შევასრულე იმ მხრივ, რომ მცირე წვლილი შევიტანე იმ სიბინძურის თავიდან მოშორებაში, რასაც სააკაშვილის სახით არსებული ხელისუფლება ერქვა. არ გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან ბიზნესში გადასვლას, რადგან არაერთხელ მითქვამს, რომ ვარ ექიმი და ბიზნესმენი. აუცილებლად დავუბრუნდები სამედიცინო სფეროს ან – ბიზნესსექტორს. მე მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მივიჩნევ, რომ პოლიტიკაში ჩემს მიერ დასახული ამოცანა შევასრულე", - განუცხადა საგანელიძემ "ინტერპრესნიუსს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100