სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ისევ შეიცვალა

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, კვირა დღეს გაიმართება, - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბარნოვისა და 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეხვედრა გაიმართა, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა არგუმენტები დაასახელეს იმისა, თუ რატომ უნდა შეცვლილიყო არჩევნების დღე.

როგორც ანდრო ბარნოვმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა პრეზიდენტს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არჩევნების ჩატარების დღე შიეცვლება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაფორმება მოხდება სავარაუდოდ დღეს. ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის, ადმინისტრაციისთვის ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა არჩევნების ჩატარების თარიღს და იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან დასახელებული იყო მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი არგუმენტები, მოხდა ამ არგუმენტების გათვალისწინება.

ბარნოვის შეფასებით, არ იყო აუცილებელი, რომ ეს თემა გამხდარიყო მწვავე პოლიტიკური განხილვების საგანი, თუმცა, რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან თემის სპეციალურად გამწვავება მოხდა.

რაც შეეხება არასამთავრობოებთან გამართულ შეხვედრას, მასში მონაწილეობა 12 ორგანიზაციამ მიიღო. მათი ძირითადი არგუმენტი, რომ შეცვლილიყო არჩევნების ჩატარების დღე, იყო ის, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ ემიგრანტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების დაახლოებით 40% ვერ დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100