სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის განცხადება

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბისვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დღეს სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვაღიარებდი რა მაღალი თანამდებობის პირების თმენის ვალდებულებას, პასუხს არ ვცემდი ჩემი მისამართით გამოთქმულ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და ცილისწამებებს, მათ შორის არ ვახდენდი სამართლებრივ რეაგირებას.

დღეს, მზად ვარ პასუხი გავცე მსგავს განცხადებებებს და დავიწყო სამართლებრივი რეაგირება.

მინდა ვთხოვო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მსგავსი ინფორმაციის მიღებისას გადაამოწმონ ეს ინფორმაცია ან როგორც მინიმუმ, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად მომცენ ჩემი პოზოციის დაფიქსირების საშუალება. იმის გამო, რომ მე არ მაქვს კომუნიკაციის საშუალება, გთხოვთ ჩემი ადვოკატების საშუალებით მოახდინოთ ჩემთან კომუნიკაცია.

საგულისხმოა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნის დროს ხშირად ავრცელებდა ჩემზე დაუსაბუთებელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს. მაგალითად მოყავდათ უამრავი ქონება, რომელსაც თითქოს მე ვფლობდი და საილუსტრაციოდ გარკვეული სახლების ფოტოსურათებს ავრცელებდნენ.

დღეს, როცა ისინი არიან ხელისუფლებაში და აქვთ სრულფასოვანი საშუალება საკუთარივე განცხადებების დასაბუთებისა, ამ თემებთან დაკავშირებით საერთოდ სდუმან, რაც მათივე ძველი განცხადებების სიცრუეს ადასტურებს.

ხელისუფლებამ უამრავი ბრალი წამიყენა. ყველა მათგანი არის პოლიტიკური და ძირითადად სამსახურებრივი დანაშაულებებით კვალიფიცირდება. ამ ხელისუფლებამაც კი ვერ გაბედა ჩემთვის კორუფციული ან ქონებრივი ბრალის წამოყენება. ამის გამო ხელისუფლება ახალისებს ჩემი მისამართით ცილისწამებების გავრცელებას ანონიმურ ან გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით, რასაც ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის ნაწილად განვიხილავ.“ - ნათქვამია პატიმრობაში მყოფი მერაბისვილის განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100