სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ვერ შეუშლის პატიმრობა მერაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელს?

დაკავების მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია.

კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ მოქალაქეს არ აქვს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ლელა ტალიურმა განაცხადა, ვინაიდან ვანო მერაბიშვილის მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა, მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების პრობლემა არ ექნება.

"კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა პირს მხოლოდ ორი გარემოების შემთხვევაში არ შეუძლია – თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს და იმყოფება სასჯელაღსრულების დაწერებულებაში. ვინაიდან, ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში არის მოცემულობა, რომ მის მიმართ განაჩენი ჯერ დამდგარი არაა, მისი კანდიდატად დარეგისტრირება პრობლემა არ იქნება. ამასთან, კანონმდებლობით არის კიდევ ერთი გამონაკლისი _ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ იმ პირებსაც, რომელთა მიმართაც განაჩენი დამდგარია და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, თუმცა მათ ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი", - განაცხადა ლელა ტალიურმა.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2008 წელს ერთხელ უკვე იხელმძღვანელა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი დაარეგისტრირა.

"ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მაშინ დევნა იყო დაწყებული, თუმცა ის კანდიდატად დარეგისტრირდა, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა და სასჯელაღსრულების დაწესებლებაში არ იმყოფებოდა", - აღნიშნა საია-ს იურისტმა.

ვანო მერაბიშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

წყარო: ipn

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100