ქუჩის ოპოზიციის ქუჩური დამოკიდებულება ქართულ მედიის მიმართ

გოგა ხაინდრავა რის გოგა ხაინდრავა იქნებოდა მედიასთან ოპოზიციის დაპირისპირების პირველი მარცვალი არ ჩაეგდო? გეხსომებათ, „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის, ნათია ბანძელაძისა და მისი დაპირისპირება, ხაინდრავას სიტყვიერი შეურაცხყოფა – ეს ამბავი ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბრამდე მოხდა. აქედან დაიწყო და რა დაიწყოოო?!
საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელ დირექტორს თამარ კინწურაშვილს უცენზურო სიტყვებით ლანძღავდნენ, მიტინგებზე, პრესით, ტელევიზიით, იგივე ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, სალომე ზურაბიშვილი, მამუკა კაციტაძე, ძვიად ძიძიგური...
კინწურაშვილი წავიდა და ყუბანეიშვილი მოვიდა: „ყუბანეიშვილს პირველი არხის ლოგოზე წამოვაცმევ“, - ეს გოგა ხაინდრავაა, „ლევან ყუბანეიშვილს შევპირდი რომ ავაწნავ და 30 დღით რომ ჩამსვან ციხეში, ამას მაინც გავაკეთებ“, - ეს ქუჩის ოპოზიციის ყველაზე ქუჩური ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძეა.
ნაძირლები, გარეწრები, უნამუსოები, საქართველოს მოღალატეები – ეს ის „ეპითეტებია“, რომელიც ჩვენ, იმ ჟურნალისტებმა დავიმსახურეთ, ვინც ქება-დიდებას არ ვუძღვნით რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს, თვალს არ ვხუჭავთ იმაზე, რომ გოგა ხაინდრავა პოლიტიკით კაიფობს, სკეპტიკურად ვუყურებთ ოპოზიციის იმ ლიდერთა პატრიოტიზმს, რომელთაც ზვიად გამსახურდიას დამხობაში ლომის წვლილი დაიდეს, მესიად ვერ აღვიქვით გიორგი გაჩეჩილაძეს...
განაწყენებულნი არიან იმიტომ, რომ საზოგადოებას ვახსენებთ: ნინო ბურჯანაძის წარსულს და მამამისის მიერ საქართველოს ბიუჯეტიდან მიტაცებულ ათეულობით (თუ მეტი არა) მილიონ დოლარს.
2 წელიწადში საეჭვოდ გამილიონერებული პოლიტიკოსის, ზურაბ ნოღაიდელი მიერ ბიზნესის დარეკეტებას.
საზოგადოებას ვუხსნით, რომ ბეჟან გუნავა პროფესიონალი პროვოკატორი და დაპირისპირებათა დიდოსტატია, გოგა ხაინდრავა კი ზვიად გამსახურდიას დამხობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, სხვათაშორის, ხაინდრავამ, არეულ-დარეულობის დროს შექმნა შეიარაღებული დაჯგუფება - „დევიატკა“.
ვწერთ იმაზე, თუ როგორ იშოვა ფული დავით გამყრელიძემ „ალდაგის“ მეშვეობით, კახა თარგამაძესთან ერთად. როგორ აღმოაჩინეს გაჩეჩილაძის კომპანიის მიერ ჩამოსხმულ ღვინოში პესტიციდები, რომ ირაკლი ალასანია უშიშროებაში იგორ გიორგაძის ფავორიტი და „კულინარიელთა“ საძმოს წევრი იყო. ძმები ბერძენიშვილები კი „სუკის“ მიერ დამუშავებული „დისიდენტები“, ლევან ბერძენიშვილის მიერ „სუკის“ იზოლატორში დაწერილი აღიარებითი ჩვენების შინაარსი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უკვე ცნობილია. ისიც არაა საიდუმლო, რომ ბატონ ლევანს, გამომძიებლებმა კალამი ძლივს გააგდებინეს ხელიდან...
კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. დიახ ეს ხალხი ვერ იტანს, ზოგიერთი ლამის ცოფდება, როცა წარსულს უხსენებენ, როცა ჩადენილ დანაშაულს ახსენებენ, როცა ზნეობაზე სახალხოდ ელაპარაკებიან...
სანაცვლოდ რას აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები? ლევან ბერძენიშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს საქალაქო სასამართლოს შენობაში ჟურნალისტსა და ოპერატორს. ცნობილ „ლიბერალ-დემოკრატს“ თურმე წინასწარ უნდა ჰკითხოს ტელეოპერატორმა - შეიძლება გადაგიღოთ ბატონო ლევან?
სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე და დავით გამყრელიძე სირცხვილის დერეფნებს უწყობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, ამავე არხის ჟურნალისტს, ლიკა ხურციძეს სალომე პირდაპირ ეთერში მუშაობის საშუალებას არ აძლევს და ტანსა და მიკროფონზე „სტიკერებს“ აკრავს. ეტყობა, ეს ფრანგული დემოკრატიიდან გადაიღო ზურაბიშვილმა, პარიზში ცხოვრებისას.
ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები სცემენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის წამყვანს, ნიკა ავალიანს, რომელიც ოპოზიციის კრიტერიუმებით და მათივე სამართლითაც კი, უდანაშაულო იყო – პოლიტიკასთან, როგორც ჟურნალისტს, შეხება არ ჰქონდა და ეკონომიკურ თემებს მიმოიხილავდა.
შალვა ნათელაშვილი ვანო ჯავახიშვილის შოუს გადასწვდა და „პედერასტ შოუს“ უწოდებს პრესაში, გოგა ხაინდრავა „ბორდელს“ - გაზეთ „პრაიმ ტაიმსს“, იგივე ხაინდრავა „ახვრებს“ - I არხის, იმედისა და რუსთავი 2 –ის ჟურნალისტებს.
ნინო ბურჯანაძე როცა ეს არხები აკრიტიკებენ, ბინძურ კამპანიასა და სახელისუფლებო დაკვეთას უწოდებს და ის ავიწყდება, რომ თუ მედია თავისუფალი არ არის, ეს მისი უდიდესი „დამსახურებაცაა“. რაც შეეხება სახელისუფლებო დაკვეთებს, ქალბატონ ნინოს არაერთი ასეთი დაკვეთილი სიუჟეტი გვახსოვს, მათ შორის მის ამჟამინდელ დაქალზე – სალომე ზურაბიშვილზეც.
ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ტელეიმედში დებატებზე არ მიდიოდა ოპოზიციის წამომადგენლებთან ერთად, მაგრამ ეს შეცდომა ბოლოს აღიარა კიდეც. ამით, არა მარტო სამოქალაქო დაპირისპირებას, მედიის გახლეჩვასაც უწყობდნენ ხელს. რაც ასე ძალიან სურდათ ოპოზიციის ლიდერებს, ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც – დღეს არაერთი ჟურნალისტია მხარე, სწამს ოპოზიციის და ერთი არგუმენტი არა აქვს, რატომ? მეორე მიშას ფანია და არც მას აქვს არგუმენტი – რატომ?
საბედნიეროდ, ქართული მედიის დიდი ნაწილი ცდილობს ეს დაპირისპირება გახლეჩვამდე არ მიიყვანოს, თუმცა, როცა ნიკა ავალიანი სცემეს მაშინ ამის რეალური საფრთხე არსებობდა.
კარგად მახსოვს 1991-92 წლები. მხედრიონელების მირ ნაცემი გაზეთ შანსის რედაქტორი, ბონდო ქურდაძე, ათას უბედურება გადატანილი ლეილა კვირიკაშვილი, გიგლა გობეჩია, რომელსაც იარაღს უტრიალებდნენ და ატერორებდნენ, მაგრამ მაინც არ დაშინდა და ზვიად გამსახურდიას დევნა-მკვლელობის საქმეს ძირისძირობამდე ჩაჰყვა.
მახსოვს გარიყული პროფესიონალი დავით სოკოლოვი, სამწუხაროდ ეს სია ძალიან გრძელია და დასასრულს ერთს ვიტყვი – მახსოვს ხობში, დღისით, მზისით, ხალხის თვალწინ ლოთი ქობალიას მიერ დახვრეტილი ჟურნალისტი, დავით ბოლქვაძე. ლოთი ახლა ნორაიდელთან ლოთობს!
აი, აქეთ მიისწრაფის ოპოზიციის ერთი ნაწილი – როგორმე გახლიჩოს მედია, ჟურნალისტები წაჰკიდოს ერთმანეთს, აქციოს მხარეებად და მერე თავიანთი ბინძური შავბნელი საქმის საკეთებლად გამოიყენოს - ამ საქმეს პოლიტიკა ჰქვია.
ასეთია სადღეისოდ ოპოზიციისა და მათი ლიდერების ერთი ნაწილის დამოკიდებულება ქართული მედიის მიმართ. „ჩვენიანები“ და „იმათიანები“ - ხშირად გაიგონებთ იმ ხალხისგან, რომლებიც დღე და ღამე ერის გაერთიანების აუცილებლობას ჰქადაგებენ და რომ ჰკითხო, მზად არიან, შეეწირონ კიდეც ამ საქმეს.
აი, ეს ადამიანები გვპირდებიან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ჟურნალისტურ სამოთხეს“, ყველა მედია-საშუაელებებში დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას, ჟურნალისტთა დაცვა-ხელშეუხებლობას, სახელმწიფო სტრუქტურებიდან ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავად მიღებას. ყველა მედია-საშუალების სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთნაირ კონკურენტულ პირობებში ჩაყენებას და მეტსაც – პრესის გადასახადებისგან გათავისუფლებას. თუმცა, ფიცი მწამს და ბოლო გვაკვირვებს.
ხალხი, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისას ჟურნალისტებს სცემს, მიკროფონებს თავში ურტყავს, დიქტოფონებს ხელიდან სტაცებს, აგინებს, ეშმაკის მოციქულებსა და სამშობლოს მოღალატეებს ეძახის, მერე როგორღა მოიქცევა როცა ხელისუფლებაში მოვა? ალბათ ციხეები აივსება დღევანდელი ოპოზიციის მიერ დაჭერილი ჟურნასლისტებით!!!

კომენტარი