სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის მიერ გამართულ სამხედრო წვრთნებს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის მიერ გამართულ სამხედრო წვრთნებს ეხმაურება.
განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:
„ქართული მხარე ღრმადაა შეშფოთებული რუსეთის ფედერაციის მიერ მოულოდნელი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წამოწყებული ბოლო სამხედრო წვრთნების გამო. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, რომელიც საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა, აღნიშნული წვრთნების დროს რუსეთის ფედერაციამ ყველაზე ფართო, მასშტაბური მანევრები განახორციელა შავ ზღვაზე.
მაშინ, როდესაც საქართველო ერთგულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 23 ნოემბერს გაკეთებული განცხადებისა ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და უარს აცხადებს იკისროს საქართველოზე თავდაუსხმელობის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ზოგადად, ასეთი გაუფრთხილებელი ქმედებების სტრატეგიული შედეგი იქნება ის, რომ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დადგება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოება.
შეიარაღებაზე კონტროლი და განიარაღების რეჟიმები, სხვადასხვა სახის CSBM-სთან (ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომები) ერთად, წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედს. რუსეთის ფედერაციის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკა უგულვებელყოფს ამ მექანიზმებს. მსგავსი ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთნდობის განმტკიცების პროცესზე, რაც, შედეგად, გამოწვევის წინაშე აყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას“-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100