სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაიცვალა ჯონ შალიკაშვილი

შაბათს 75 წლის ასაკში, სისხლის ჩაქცევით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა აშშ-ის გადამდგარი გენერალი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ჯონ შალიკაშვილი.

მამით ქართველი და დედით პოლონელი შალიკაშვილი, რომელიც 1936 წელს დაიბადა პოლონეთში, მოგვიანებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის პირველი თავმჯდომარე იყო, რომელიც ამერიკის ფარგლებს გარეთ დაიბადა.

ეს თანამდებობა მან 1997 წელს დაიკავა, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, რომელმაც ის პრეზიდენტის მშვიდობის მედლით დააჯილდოვა. მანამდე შალიკაშვილი ნატოს ჯარების მთავარსარდალი იყო ევროპაში.

„აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მაღალი შეფასება მისცა ჯონ შალიკაშვილის დამსახურებას: „შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ჭეშმარიტი ჯარისკაცი და სახელმწიფო მოღვაწე, რომლის გამორჩეული ბიოგრაფია წარმოაჩენს ამერიკის დაპირებას და უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლებიც ღიაა მათთვის, ვინც მის მსახურებას აირჩევს,“ ნათქვამია ობამას განცხადებაში. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულ შტატებში 16 წლის პოლონელ იმიგრანტად ჩამოსვლიდან, ახალგაზრდა კაციდან, რომელიც ჯონ ვეინის ფილმებით სწავლობდა ინგლისურს - უმაღლესი სამხედრო თანამდებობებით დამთავრებული, რომლებსაც მან მიაღწია - შალის ცხოვრება იყო ‘მხოლოდ ამერიკაში შესაძლებელი’ ამბავი.“

შალიკაშვილი 1958 წელს გაიწვიეს ჯარში. იგი კორეასა და ვიეტნამში მსახურობდა. 1991 წელს სათავეში ჩაუდგა ერაყელი ქურთებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროგრამას. ობამას თქმით, შალიკაშვილმა დიდი როლი ითამაშა რუსეთთან მჭიდრო კავშირების გაღრმავებაში და აშშ-ის სამხედროებისა და მათი ოჯახების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.

უკანასკნელ ხანებში შალიკაშვილი მასმედიაში მოხვდა იმის გამო, რომ მან მოითხოვა არმიაში ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელთა სამსახურის აკრძალვის გაუქმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100